ახალი ამბები
"წვიმის დროს ფანტანივით ასხამს წყალი" - მოქალაქეები ახლადრეაბილიტირებულ ჯიბლაძის ქუჩაზე
FaceBook
ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ ჯიბლაძის ქუჩაზე, სავალ ნაწილზე წყალი ამოდის.

როგორც ადგილობრივები განმარტავენ, რთული მდგომარეობაა წვიმის დროს, იგრძნობა უსიამოვნო სუნიც და ანტისანიტარიაა. 

„ახალი გაკეთებულია ეს ქუჩა და დაახლოებით, ორი კვირაა წყალი ამოდის უკვე. გაჩნდა მწერები და მთელი ანტისანიტარიაა. უსიამოვნო სუნი განსაკუთრებით ღამე იგრძნობა. როგორც ჩანს, კანალიზაციისა და ღვარსადენის მილები კარგად არ გააკეთეს. წვიმის დროს, უფრო მეტი წყალი ამოდის და ფანტანივით ასხამს ხოლმე. რად გვინდა ასეთი გაკეთება, ორ თვეში თუ გაფუჭდება ისევ. აქამდე წელიწადი მაინც ძლებდა და ახლა ორ-სამ თვეში ინგრევა ყველაფერი. იქნებ მიაწვდინოთ ვინმეს ხმა, მოგვაქციონ ყურადღება“,
- ამბობს ჯიბლაძის #2-ში მცხოვრები ლეილა ლომიძე.

სწორედ ამ ტერიტორიაზეა დგას სავალ ნაწილზე წყალი. 

ჯიბლაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორმა კომპანიამ განახორციელა. თავდაპირველად, კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა შპს "ონიქს როუდმა" 504 803 ლარის სანაცვლოდ აიღო და მერიასთან ხელშეკრულება გასული წლის თებერვალში გააფორმა. მას ჯიბლაძესთან ერთად ხახანაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც ევალებოდა. თუმცა, განსაზღვრულ ვადებში სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, მერიამ კომპანია ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი ხელშეკრულება გაუწყვიტა. პასუხად, დაჯარიმებულმა შპს "ონიქს როუდმა" ადგილობრივ თვითმმართველობას სასამართლოში უჩივლა. მხარეებს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება.

პარალელურად, მერიამ ჯიბლაძის ქუჩის რეაბილიტაცია შპს "მშენებელი 2018"-ს (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით) ჩააბარა. კომპანიამ 128 000 ლარის სანაცვლოდ ჯიბლაძის ქუჩაზე ტროტუარები 6 თვის წინ მოაწყო, თუმცა, როგორც ჩანს უხარისხოდ, რადგან ადგილობრივების განმარტებით, პრობლემამ რეაბილიტაციიდან მალევე იჩინა თავი.

მას შემდეგ, რაც საკითხით "ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისის ფილიალიდან, წყლის მილების შესაკეთებლად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მივა. 




Print