ახალი ამბები
მოსკოვიდან ქუთაისისკენ რეისები, სავარაუდოდ, 10 ივლისს, შესრულდება
FaceBook
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
კომპანიის ვებ-გვერდის თანახმად, პირველი რეისი მოსკოვსა და ქუთაისს შორის 10 ივლისს შესრულდება. ბილეთის ღირებულება 237 დოლარია.

აღნიშნული ავიაკომპანია უკრაინას სანქცირებული ჰყავს. ამასთან, 2022 წელს, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო სანქციები დაუწესა.

Red Wings-მა საქართველოში ფრენების უფლება პირველ ივნისს მიიღო. რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო.

ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის ყოველდღიურად დაფრინავენ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ და ქართული Georgian Airways -ი.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მიმდინარე წლის 10 მაისს მოაწერა. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.

Print