ახალი ამბები
ქუთაისში საცურაო აუზი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში ახალი ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
დღესვე წარადგინეს აუზის დირექტორიც - აღნიშნულ პოზიციაზე წყალბურთელი მიხეილ გიორგაძე დაინიშნა.

ქალაქს ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაუფინანსდა, სამუშაოები კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.



დიდ აუზში შესასვლელი ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება 30 ლარი იქნება. ერთთვიანი აბონემენტი (12 შესვლა + ფიტნესი) 07:00 - 10:00 საათის პერიოდში 200 ლარი ეღირება, 10:00 - 16:00 პერიოდში კი - 250 ლარი.

რაც შეეხება ულიმიტო აბონემენტის საფასურს, ის 300 ლარს შეადგენს.

თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრს, ხოლო სიგანე 25 მეტრს შეადგენს. აუზის კომპლექსში მოეწყო, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები და გასახდელები.

ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით. აუზის გარე ტერიტორიაზე მოეწყო პარკინგი და გარე კაფე.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე სპორტსმენები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ოლიმპიური აუზი მოემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც. აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.


Print