ახალი ამბები
ერთიან ეროვნულ გამოცდებს, წელს, 21 მსჯავრდებული აბარებს
FaceBook
პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი დღეიდან დაიწყო.

ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში, წელს, 21 პატიმარი მონაწილეობს, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი. 

„პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პატიმართათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ მოქმედებს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აკადემიური სწავლების ხარისხს.

პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, მსჯავრდებულთა განათლებასა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვას“,- აცხადებენ უწყებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დღეიდან დაიწყო.

წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. საგამოცდო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, ამბროლაურში, თელავსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრები 2023 წელს, ჯამში, 75 000-ზე მეტ გამოსაცდელს – აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებენ.


Print