ახალი ამბები
ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი
FaceBook
2023 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

საგამოცდო პროცესი №23, №17 და № 41 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან, ქუთაისში, გამოცდაზე 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა.

ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში, წელს, ჯამში 5 105 აბიტურიენტია დარეგისტირებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023, დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

აბიტურიენტებმა რეგისტრაცია 08:00 საათიდან გაიარეს, ზუსტად 09:00 საათზე კი გამოცდა დაიწყო. 

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება, გამოცდები კი - 3 სააათი.

წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. საგამოცდო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, ამბროლაურში, თელავსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრებში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი აპლიკანტებისთვის – სივრცეები სრულად არის აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, აუცილებელი ინვენტარითა და კონდიცირების სისტემით. თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილია სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისებით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურითა და საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

საგამოცდო ცენტრები 2023 წელს ჯამში 75 000-ზე მეტ გამოსაცდელს – აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებენ.

საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.

Print