ახალი ამბები
ქუთაისის საცურაო აუზის ულიმიტო აბონემენტი 300 ლარი ეღირება
FaceBook
ქუთაისის ახალი ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი 3 ივლისს გაიხსნება.

დიდ აუზში შესასვლელი ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება 30 ლარი იქნება. ერთთვიანი აბონემენტი (12 შესვლა + ფიტნესი) 07:00 - 10:00 საათის პერიოდში 200 ლარი ეღირება, 10:00 - 16:00 პერიოდში კი - 250 ლარი.

რაც შეეხება ულიმიტო აბონემენტის საფასურს, ის 300 ლარს შეადგენს.



მოქალაქეები დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციისა და მომსახურების ტარიფების შესახებ აუზის ადმინისტრაციაში (აბაშიძის გამზირი, #20 ბ) მიიღებენ.

ქალაქს ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაუფინანსდა, სამუშაოები კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

საცურაო აუზის სიგრძე 50, ხოლო სიგანე 25 მეტრია. პროექტის ფარგლებში, აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის.

ოლიმპიური აუზის შენობა თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილებისა და სახანძრო სისტემებით აღიჭურვა. ამასთან, აუზის გარე ტერიტორიაზე პარკინგი და გარე კაფე მოეწყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე სპორტსმენები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ოლიმპიური აუზი ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ აუზის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულია.

ახალი საცურაო აუზი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის უკანაა განთავსებული.

ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა 2021 წლის აპრილში დაიწყო და ჯამში 13.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
Print