ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში სამუშაო პროცესი დღეიდან განახლდა
FaceBook
დღეიდან, 1-ლი ივლისიდან, ჭიათურის საწარმოებში მუშაობა განახლდა.

19 დღიანი პროტესტის შემდეგ, სამედიაციო შეთანხმებისამებრ, ყველა, 3 400-ვე თანამშრომელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა.

მანამდე, მაღაროებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.

მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკება 24 ივნისს შედგა.

შეთანხმების მიხედვით, დასაქმებულების ანაზღაურება ინფლაციის მაჩვენებელზე იქნება მიბმული და სწორედ მის შესაბამისად გაიზრდება. მოთხოვნილ, დამატებით 13 პუნქტზე კი მუშაობა ეტაპობრივად დაიწყება.

დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.

"ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლები 19 დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ, მათი ნაწილი 13 დღე შიმშილობდა. პროტესტის ნიშნად, ერთმა გაფიცულმა პირი, მეორემ კი - თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მაღაროელმა ხელები დაისერა.

გაფიცული მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში 19 ივნისს ჩამოვიდა. ისინი პარლამენტის შენობასთან აქციებს მართავდნენ და ღამეს ათევდნენ.

გაფიცულები ხელფასის მატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვდნენ.

Print