ახალი ამბები
„რუსეთში, სადაც შიდსის გავრცელება მაღალია, გასათვალისწინებელია საქართველოში გავრცელების რისკიც“ - ინფექციონისტი
FaceBook
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტებით, საქართველოში რუსი ტურისტების მიერ შიდსის შემოტანის რისკი დიდია.

რადგან რუსეთში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია, ინფექციონისტი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ „საეჭვო კავშირებს“ და არ დაივიწყონ შიდსის სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკის შესახებ.

ამასთან, ბუწაშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურებსაც მიმართავს, ქვეყანაში შესაბამისი ზომები გაატარონ.

ინფექციონისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული რუსეთიდან. პოლიტიკურად, ეს რომ უდიდესი პრობლემაა და გარშემო, ყველგან რომ ოკუპანტის ენა ისმის, საშინელებაა და ძალიან დამთრგუნველი, თუმცა ახლა ჩემს სფეროსთან დაკავშირებულ წუხილზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

არაერთი რუსი პაციენტი ყვება (ქალიც და კაციც), რომ ჰყავს ქართველი სქესობრივი პარტნიორები (და არაერთი). მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება. შესაბამისად, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი.

ცხადია, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისი ზომები მიიღონ, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ჩვენს ირგვლივ მყოფები, აარიდონ თავი ასეთ საეჭვო კავშირებს და არ დაივიწყონ შიდსის (და არა მარტო, ბევრი სხვა ინფექციისაც) სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკის შესახებ“,- წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

Print