ახალი ამბები
"მირზაანის" ყოფილ შენობაში ტურისტული ცენტრის გახსნა 2 მაისობამდე სავარაუდოდ ვერ მოესწრება
FaceBook
ჯერ პროექტიც არ არის შედგენილი


ქუთაისის ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრისთვის ახალი შენობის მომზადება ახლა იწყება. მერიის ეკონომიკის სამსახური შენობის შიდა ინტერიერის მოსაწყობად შესაბამის პროექტზე მუშაობს. პროექტის შედგენის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და გადაწყდება რომელი კომპანია შეასრულებს "მირზაანისა" და შემდგომში სლოტ კლუბ "ევროპა ბეთის" ყოფილი შენობის რეაბილიტაციას.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ადგილზე ბევრი რამაა შესაცვლელი, რადგან სლოტ კლუბის ინფრასტრუქტურა ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრის ინტერიერისგან რადიკალურად განსხვავებულია.

"გადასაკეთებელია ყველაფერი. ამას დიდი დრო დასჭირდეება. გარდა ამისა, ჯერ პროექტიც არ არის შედგენილი. წინ გვაქვს ტენდერი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები",–ამბობს მერიის ეკონომიკისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი.

კლდიაშვილი ვერ აკონკრეტებს, დასრულდება თუ არა სამუშაოები 2 მაისობამდე, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შენობის პირველი სართული გვირილობის დღესასწაულზე სიმბოლურად გაიხსნას.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ არც ის იციან, რა რაოდენობის თანხა დასჭირდება ცენტრის გადატანას ახალ შენობაში. პაატა კლდიაშვილი ამბობს, რომ რეაბილიტაცია იმ 300 ათასი ლარიდან დაფინანსდება, რომელიც ბიუჯეტში ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არის გამოყოფილი.

ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრი 2012 წლიდან ქუთაისის მერიის პირველ სართულზე ფუნქციონირებს. მანამდე კი ის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აგებულ შენობაში იყო განთავსებული.

შენობას, რომელზეც დღემდე არ არსებობს მიღება–ჩაბარების აქტი, ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოუსადეგრად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ მისი დემონტაჟი მოხდეს.

რაც შეეხება ქუთაისის მერიაში მოქმედ ცენტრს, მის ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ, აღნიშნული ფართი საქმის წარმოების, მოქალაქეთა მიღების და არქივის განყოფილებას გადაეცემა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს.

მარიამ პატარაია

Print