ახალი ამბები
შეთანხმება შედგა - მაღაროელებმა პროტესტი შეწყვიტეს
FaceBook
19-დღიანი პროტესტის შემდეგ, მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკება  შედგა.

შეთანხმების მიხედვით, დასაქმებულების ანაზღაურება ინფლაციის მაჩვენებელზე იქნება მიბმული და სწორედ მის შესაბამისად გაიზრდება. მოთხოვნილ, დამატებით 13 პუნქტზე კი მუშაობა ეტაპობრივად დაიწყება.

დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.

„სახელმწიფოს, მედიაციისა და პროფკავშირების ჩართულობით, ჯორჯიან მანგანეზსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. სამედიაციო შეთანხმება ძალაში 24 ივნისიდან შევიდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ აიღო ვალდებულება ჭიათურაში სამთო მოპოვებითი საქმიანობა განაახლოს. ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა, რაც შეეხება ხელფასის მატებას, თანამშრომლებს ხელფასი ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით განესაზღვრებათ, კერძოდ კი კომპანიასა და თანამშრომლებს შორის მანამდე გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე.

სამედიაციო დოკუმენტით განისაზღვრა შეიქმნას კომისია, მხარეთა წარმომადგენლობით და ჩართულობით, რომელიც 3 თვის განმავლობაში მოახდენს კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებას. ამასთან, ჩატარდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ კომპანიის ფინანსური აუდიტი.

მხარეებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც გაფორმდა შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი. მას ხელი დამსაქმებელმა, დასაქმებულმა, მედიატორმა და პროფკავშირებმა მოაწერეს. დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას, მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს“,- აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

ჭიათურის მაღაროში სამუშაო პროცესი პირველი ივლისიდან აღდგება.

მაღაროელებმა მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც, პროტესტის პერიოდში, მათ მხარს უჭერდა.

"ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლები 19 დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ, მათი ნაწილი 13 დღე შიმშილობდა. პროტესტის ნიშნად, ერთმა გაფიცულმა პირი, მეორემ კი - თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მაღაროელმა ხელები დაისერა. 

გაფიცული მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში 19 ივნისს ჩამოვიდა. ისინი პარლამენტის შენობასთან აქციებს მართავდნენ და ღამეს ათევდნენ.

გაფიცულები ხელფასის მატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვდნენ.


Print