ახალი ამბები
"ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს` - პრეზიდენტი რუსეთის მოვლენებზე
FaceBook
"ყურადღებით ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს.
ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, - ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. 


ამ მოსაზრებას არ იზიარებს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის თვლის, რომ   "ამ (რუსეთში მიმდინარე) მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ". იგი ირწმუნება, რომ საქართველოში უსაფრთხოება დაცულია.

იგივე განცხადებას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს მტკიცებით 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ "დარიალზე" მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის", - წერია შსს-ს განცხადებაში.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ასე შეაფასა კრემლმა სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის"  ქმედებები რუსეთში. 23 ივნისს, პარასკევს, "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა თავდასხმაში, რასაც, მისივე თქმით, "ვაგნერის" რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ამ მოვლენას წინ უძღოდა ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის დაპირისპირება  თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან. და პრიგოჟინის მწვავე განცხადებები შოიგუს მისამართით.

23 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა". განცხადებიდან  რამდენიმე საათში "ვაგნერმა" უკვე უკრაინის მოსაზღვრე ქალაქი როსტოვი აიღო. "ვაგნერი"აკონტროლებს მის ქუჩებს, სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, აეროდრომს.
Print