ახალი ამბები
„ჩვენი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული, ესაა მოთხოვნა და არა ბიზნესის მართვა“ - მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზს“
FaceBook
გაფიცული მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის გაცხადებას, მათთვის მაღაროების მართვაში გადაცემის თაობაზე პასუხობენ.

ისინი ამბობენ, რომ მაღაროების გადაცემა არასოდეს მოუთხოვიათ და მათი მოთხოვნები მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო პირობებსა და ხელფასის ზრდას ეხებოდა.

ამასთან, კომპანიას იმ 14 პუნქტს ახსენებენ, რომელიც მათ გაფიცვის პირველივე დღიდან წამოაყენეს.

„ძალიან კარგად იციან ის 14 პუნქტი, რაც გვაქვს მოთხოვნაში. ვიმეორებ, რომ ჩვენ „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულ მუშებს, არავის არ გვინდა, მაღარო გადმოგვეცეს. ეს არის სრული სისულელე. მაღაროს ჩვენთვის გადმოცემა არ ყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ჩვენი მოთხოვნები ეხებოდა შრომის გაუმჯობესებას, უსაფრთხო გარემოში მუშაობას და ხელფასის მომატებას. ამიტომ, ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ მოყვება გამოხმაურება და დაკმაყოფილება“,-განმარტავენ გაფიცულები.

კიდევ ერთმა მაღაროელმა, რომელიც დღეს, ჭიათურაში, აქციაზე სიტყვით გამოვიდა, განმარტა, რომ მათ არა „ბიზნესის მართვა“, არამედ ღირსეული შრომითი ანაზღაურება სურთ, შესაბამისად, იმ საქმის კეთებას გააგრძელებენ, რაც იციან.

„ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ („ჯორჯიან მანგანეზს“) ძალიან ბევრი ფული აქვთ გაფლანგული, უმისამართოდ შეჭმული. ახლა ამბობენ, კომპანია გადაეცეს მაღაროელსო. რომელიმე აიღებთ ამას თქვენ თავზე და მართავთ მაღაროს? მე, პირადად, ვიცი სანგრების მართვა და ვაპირებ, სანგრები ვმართო. მათ სჭირდებათ ადამიანი, ვიზედაც ხელს შეიწმენდენ.

ჩვენი მიზანი არ არის თანამდებობები, სკამზე ჯდომა, ფულის შოვნა. ჩვენ, წესიერი ადამიანები, დავბრუნდებით იმ სამუშაო ადგილებზე, რაც ვიცით და რისი პროფესიონალებიც ვართ და ჩვენი შრომითი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და არა ის, რომ ბიზნესი ვმართოთ“,
- აღნიშნა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ გუშინ, გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, მზად არიან, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცენ.

ჭიათურაში გაფიცვის მე-18 და შიმშილობის 12-ე დღეა. პარალელურად, მეხუთე დღეა, რაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

ისინი ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

Print