ახალი ამბები
"მზად ვართ, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადავცეთ "- "ჯორჯიან მანგანეზი"
FaceBook
"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელების გაფიცვას მორიგი განცხადებით ეხმიანება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, მზად არიან, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცენ.

„ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.

კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.

ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ჭიათურაში გაფიცვის მე-18 და შიმშილობის 12-ე დღეა. მაღაროელები ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

Print