ახალი ამბები
„მოვიდეს, ჩამხედოს თვალებში“ - თვალებამოკერილი მაღაროელი პრემიერს მიმართავს
FaceBook
მაღაროელი, რომელმაც, პროტესტის ნიშნად, თვალები ამოიკერა, ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა.

გიორგი კუპატაძეს, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს შეუერთდა, სურს, მთავრობის მეთაურს შეხვდეს და მათ საჭიროებებზე ესაუბროს.

„მე მინდა ბატონ ღარიბაშვილს მივმართო, მოვიდეს, ჩამხედოს თვალებში და ტკივილს, რაც მე და თითოეულ მაღაროელს გაგვაჩნია, ყველაფერს იგრძნობს ამ თვალებიდან. ეს არის თვალები, რომელიც გადმომცემია იმის, თუ რა ტკივილი და გაჭირვება აქვს ჩვენს ჭიათურას.

თითოეული მაღაროელი იმხელა პროდუქციას ვქმნით და იმხელა თანხები შედის ბიუჯეტში, ჩვენს ზურგზე, ჩვენს ხელებზე. აგერ არის ფაქტი, 17 ნაკერი მადევს ხელზე. ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი და დღეს აღარავის ვჭირდები თვალებაკერილი? აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ბიჭები მეტად გავაძლიერო. ყველაფერს გავაკეთებ იმის გულისთვის, რომ მე, გიორგი კუპატაძე, სულ რომ არ გადავრჩე და დავიღუპო, ესენი (მაღაროელები) იყვნენ კარგად. მოვკვდე ის მირჩევნია, ვიდრე მაღაროელს, ჩემს ძმაკაცს, ჩემი ბავშვობის მეგობარს, ჩემს მოგვარეს ჩავხედო თვალებში და მის თვალებში წავიკითხო რა დონის დამცირებულია, რა დონის გაჭირვებულია და რა დონის გაჭირვებაში ვართ“,
- განმარტავს მაღაროელი.

პროტესტის მე-16 დღეს, ჭიათურის პარალელურად, უვადო შიმშილობა დაიწყო თბილისში ჩასულ გაფიცულ მაღაროელთა ნაწილმაც.

"ჯორჯიან მანგანეზის" გაფიცული თანამშრომლები დღეს, 19 საათზე, მორიგ აქციას გეგმავენ და პროტესტის უკიდურესი ზომების შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

ისინი ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

Print