ახალი ამბები
მაღაროელს, რომელმაც თვალები ამოიკერა, შესაძლოა, მხედველობასთნ დაკავშირებული პრობლემები შეექმნას
FaceBook
მოშიმშილე მაღაროელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება - ჭიათურის შემდეგ, გაფიცულებმა შიმშილობა დაიწყეს თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან გაშლილ კარვებში.

დღეს მათი პროტესტის მე-16 და შიმშილობის მე-10 დღეა.

ამასთან, მეოთხე დღეა, რაც მაღაროელმა გიორგი კუპატაძემ თვალები ამოიკერა. მედიკოსების რეკომენდაციაა, რომ მან პროტესტის ეს ფორმა შეწყვიტოს, რადგან სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, არსებობს მხედველობის დაზიანების საფრთხე.

მიუხედავად ამისა, გიორგი კუპატაძე ნაკერების მოხსნაზე უარს აცხადებს.

მის გარდა, ერთ-ერთ გაფიცულს პირი აქვს ამოკერილი, მანამდე კი კიდევ ერთმა, პროტესტის ნიშნად, ხელები დაისერა.

ორ კვირაზე მეტია, რაც 3 000-ზე მეტი მაღაროელი გაფიცულია. აქედან ნაწილი ჭიათურაში რჩება და აქციებს მართავს, ნაწილის პროტესტმა კი 19 ივნისს დედაქალაქში გადმოინაცვლა.

ისინი ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

თბილისში, დღეს, 19:00 საათზე, დაანონსებულია მშვიდობიანი აქციაც. მაღაროელები საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ამავე თემაზე:

„ვბრძოლობთ, რომ ოჯახში მივიტანოთ ლუკმა-პური“- მაღაროელების პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა

"ხელფასის მომატება ალოგიკურია" - "ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულების მოთხოვნაზე


Print