ახალი ამბები
„ჩვენს ბიჭებთან ვერ დავბრუნდებით თავებდაწეულები" - მაღაროელების პროტესტი თბილისში
FaceBook
დღეიდან, მაღაროელები შიმშილობას თბილისში, პარლამენტის წინაც დაიწყებენ.

მესამე დღეა, რაც ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა დედაქალაქში გადმოინაცვლა.

ისინი ამბობენ, რომ იძულებულნი გახდნენ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართათ და არ გაჩერდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

"პარლამენტთან, კარვებში დაიწყება შიმშილობა  უვადოდ. ეს,  იმ უსამართლობაზე გამოხმაურებაა, რაც ხდება დღეს ჭიათურაში. ამიტომ ჩვენ ამ უსამართლობისთვის ბრძოლაში ყველანაირი ფორმით ჩავერთვებით“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

„ჩვენს ქალაქში, ჩვენს ბიჭებთან, ვერ დავბრუნდებით ხელებდაშვებულები, თავებდაწეულები, რომ ჩვენ არაფერი გამოგვივიდა, ტყვილა ვიყავით ჩამოსულები. ამიტომ, გადავწყვიტეთ მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, ვიწყებთ შიმშილობას. სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვენები, მანამდე გაგრძელდება პროტესტი“,- განმარტა გაფიცულმა მირზა ლოლაძემ.

დღეს მაღაროელების პროტესტის მე-16 და შიმშილობის მე-10 დღეა. ისინი ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

მაღაროელები ჭიათურაში 7 ივნისს გაიფიცინენ. პროტესტის ნიშნად, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა ხელები დაისერა, მანამდე კი გაფიცულმა პირი ამოიკერა.

19 ივნისს მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა. ისინი პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ და ღამეს ათევენ. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც უერთდებიან და სოლიდარობას გამოხატავენ.

ამის პარალელურად, პროტესტი არ წყდება ჭიათურაშიც.

რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, აცხადებენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ წლებია ზარალიანია და ამ ფონზე თანამშრომლების მხრიდან ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია. ისინი გაფიცულებს სთავაზობენ, გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს ფინანსური დოკუმენტები და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღონ.

ფოტო: Netgazeti
Print