ახალი ამბები
„თუ ვერ ყიდი, რასაც აწარმოებ, რატომ მიორმაგებ სამუშაოს, რატომ მკლავ შრომაში?“
FaceBook
თბილისში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ცენტრალურ ოფისთან, მაღაროელების აქცია მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან კომპანიის ოფისისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს, რათა დამსაქმებლისთვის მათი ხმა მეტად მიეწვდინათ.

ისინი ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

„შიმშილობამდე, ფიზიკურ დაზიანებამდე მივიდა ხალხი, რომ ელემენტარული უფლებები დაეცვათ, მაგრამ მაინც არ ესმით (კომპანიას), მშვიდად, კომფორტულად არიან გამოკეტილი შუშის სასახლეში და გვეუბნებიან, რომ კრიზისში არიან. მოდი, მშრომელი ხალხი ბოლომდე გავწყვიტოთ წელში, ბოლომდე დავაჭიროთ ფეხი, გავუორმაგოთ სამუშაოები და ამით კიდევ მეტი მოგება ვნახოთ - ამას გვეუბნებიან, თავად, ცოტათი მაინც არ იწუხებენ თავს და ამის შემხედვარე, ჩვენ კიდევ გვქონდეს იმის იმედი, რომ კომპანია არ გვატყუებს? რა თქმა უნდა, გვატყუებს",- ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.

მისთვის გაუგებარია, რატომ უორმაგებენ სამუშაოს, თუკი კომპანია ზარალშია და ვერ ყიდის იმას, რასაც აწარმოებს.

"ამხელა კომპანია ხართ, ასეთ ადგილზე განთავსებული, დღეს თქვენი უკმაყოფილო თანამშრომლები, პრობლემაში მყოფნი, სიკვდილს რომ ვუყურებთ თვალებში, მოვიდნენ და პრობლემებზე გესაუბრებიან, გამოდით და პასუხი გაგვეცით ვინმენ, რატომ მიგვიყვანეთ ვენების გადაჭრამდე, თვალების, პირის ამოკერვამდე? თუ თქვენ ვერ ასაღებთ ბაზარზე მანგანეზს, თუ ვერ ყიდით ამას, რატომ მიორმაგებ მაშინ სამუშაო გეგმას, რატომ მკლავ შრომაში, რატომ არღვევ ჩემს უფლებებს? რატომ გინდა დატოვო ჩვენი ოჯახები ობლად?“,
- აგანმარტავს გაფიცული.

მაღაროელებს, დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტთან, მშვიდობიანი აქციაც აქვთ დაგეგმილი და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მოუწოდებენ.

აქციები გრძელდება ჭიათურაშიც, სადაც გაფიცულთა ნაწილია დარჩენილი. პროტესტის ნიშნად აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა ხელები დაისერა, მანამდე კი გაფიცულმა პირი ამოიკერა.

ისინი ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

პროტესტის მე-15 და შიმშილობის მე-9 დღეს, კომპანიაში კვლავ აცხადებენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ წლებია ზარალიანია და ამ ფონზე თანამშრომლების მხრიდან ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია. ისინი გაფიცულებს სთავაზობენ, გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს ფინანსური დოკუმენტები და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღონ.

Print