ახალი ამბები
სოხუმური ყავის არომატი ბულვარში - დევნილთა დღე ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, დევნილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სოხუმური ყავის არომატით დაიწყო.

უკვე მესამე წელია, რაც ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ქალაქის ბულვარში გამვლელებს სოხუმური ყავით უმასპინძლდებიან. ამასთან, ეწყობა „სოხუმის სანაპიროს“ ბანერთან სიმბოლური ფოტოსესიაც.






„ამ დღით კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ქუთაისს, მთელს საქართველოს, რომ მიუხედავად იმ ტრაგედიებისა და სირთულეებისა, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ჩვენ ვარსებობთ, ვცოცხლობთ, ვაგრძელებთ მოღვაწეობას. ეს დღე გვინდა დავიწყოთ სოხუმური ყავის არომატით და დავიტოვოთ იმედი (რომელიც არასდროს წაიშლება), რომ ჩვენ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში“
,- ამბობს ფონდ „სოხუმის“ აღმასრულებელი დირექტორი თეა თორინავა.

„გვინდოდა განსაკუთრებული გემო და არომატიც დაგვეტოვებინა ამ დღისთვის და არა მხოლოდ სიტყვა, მონატრება და სევდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, სოხუმური ყავა ქუთაისისთვის ყოფილიყო უკვე ტრადიციული, უკვე რიტუალი. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ აუცილებლად დავბრუნდებით და ბედნიერად გადავაქცევთ ამ დღესასწაულს“,- ამბობს ფონდ „სოხუმის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზეკო ხაჩიძე.

აღნიშნული აქცია-პერფორმანსის გარდა, ბულვარში პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ჯგუფის არტ/მასტერკლასი, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ნორჩ მხატვართა პლენერი „ფერადი გზავნილები აფხაზეთში“ და თოჯინების თეატრის სპექტაკლიც ეწყობა. იმართება წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის, სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის №6, სსიპ აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მინი-კონცერტიც.





ამასთან,  მიმდინარეობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქუთაისში დევნილთა საზოგადოებრივი აქტივობების პრეზენტაცია.

ორგანიზატორები გამართული აქცია-პერფორმანსით საზოგადოებას დევნილთა პრობლემებს კიდევ ერთხელ ახსენებენ და ეუბნებიან, რომ ისინი სახლში დაბრუნების მოლოდინში არიან.

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 2000 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის N55/76 რეზოლუციის მიღების დღიდან აღინიშნება.
Print