ახალი ამბები
მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო
FaceBook
ჭიათურაში, მაღაროელების ერთკვირიანი გაფიცვის შემდეგ, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო.

მედიატორი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაინიშნა.

მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე  კომპანიის მენეჯმენტთან.

„მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“,- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მეცხრე დღეა, რაც ჭიათურაში 3 000-მდე მაღაროელი გაფიცულია. მათ ქალაქის მერიასთან კარავი აქვთ გაშლილი და აქციას მართავენ. ამასთან, პროტესტის ნიშნად, 10 გაფიცული მეორე დღეა, შიმშილობს.

ისინი ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, ისინი თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობენ, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს.


ამავე თემაზე:


მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის ქუჩებში

მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში

Print