ახალი ამბები
მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში
FaceBook
უკვე მერვე დღეა, რაც ჭიათურაში მაღაროელები გაფიცულები არიან.
3 000-მდე დასაქმებულს ქალაქის მერიასთან კარავი აქვთ გაშლილი და აქციას მართავენ.

ამასთან, ათმა მაღაროელმა დღეს პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

მათი მთავარი მოთხოვნები ღირსეული ანაზღაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი ნორმების დაცვაა.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა  12 ივნისს  შედგა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.

გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„პროტესტის მერვე დღეა, ვშიმშილობთ 10 კაცი. გუშინ, საღამოს მივიღეთ შიმშილობის გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი მინიმალური მოთხოვნები საერთაოდ არ მიიატეს გულთან, არანაირ დათმობაზე არ წამოვიდნენ",

„დავიწყეთ შიმშილობა. ამ დღეების განმავლობაში ასეთი რეჟიმით ვიხელმძღვანელებთ. ამასთან, ერთი წუთითაც არ ვკარგავთ მუხტს. ისევ ისეთი რაოდენობით უნდა შევგროვდეთ ყოველდღიურ რეჟიმში, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. რაღაც დათმობებზე ვიცით, რომ ჩვენც მოგვიწევს წასვლა, მაგრამ არა ისეთზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაღაც დათმობებზე უნდა წავიდეს კომპანიაც“,- ამბობენ გაფიცულები.

პროტესტის პარალელურად, "ჯორჯიან მანგანეზმა" რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, ისინი თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობენ, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3 382 თანამშორმელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.


ამავე თემაზე:


მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

Print