ახალი ამბები
„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"
FaceBook
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, ისინი თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობენ, რათა კომპანიამ საქმიანობა არ შეაჩეროს და ჭიათურის 3,382 თანამშორმელი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.

„საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო, დღის წესრიგში დადგა ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, კერძოდ: ადმინისტრაციული ხარჯების მინიმუმამდე შემცირება და ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.

უკვე წლებია, 2,662 თანამშრომელი 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული 720 თანამშრომლისა. ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანია შრომის უკეთესი და თანაბარი პირობების შეთავაზება და შრომის ნაყოფიერების გაზრდა“,- აცხადებენ „ჯორჯიან მანგანეზში“.

მათივე განმარტებით, კომპანია მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეჩერებულია.

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს. ამ ურთულეს პირობებშიც კი, კომპანია დასაქმებულთათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, უკვე მეხუთე თვეა 3,382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია. საკუთარი სახსრებითა და საკრედიტო ვალდებულებებით ოპერირების შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალი შეცვლილი სამუშაო პირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია ვეღარ შეძლებს დროებით გაჩერებული საწარმოო ობიექტების აღდგენას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ფეროშენადნობების ბაზარზე კრიზისი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. მიმდინარე წელს „ჯორჯიან მანგანეზს“ პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია.

მესამე დღეა, რაც ჭიათურაში ,,ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებული მაღაროელები გაფიცულები არიან. ისინი ძველ სამუშაო გრაფიკს, ხელფასების მომატებას, ბიულეტენის და შვებულების უფლებით სარგებლობის საშუალებას და ღირსეულ შრომით გარემოს ითხოვენ.

Print