ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი, მაისში, რეკორდული რაოდენობის მგზავრსა და რეისებს მოემსახურა
FaceBook
2023 წლის მაისის თვეში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 126 864 მგზავრმა ისარგებლა.

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ეს მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია (გაზრდილია 96%-ით).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც.

„პანდემიამდე, 2019 წლის მაისში, 210 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 80% გაიზარდა და ქუთაისის აეროპორტი 378 რეისს მოემსახურა“-, განმარტავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარულ რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულება დაამატა.

2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულებაც დაემატება.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.



Print