ახალი ამბები
იმერეთში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 4 პირი
FaceBook
იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ცაგერის, თერჯოლის, ზესტაფონის რაიონული სამმართველოების და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს.

1979 დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ნ.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია გადაჭრილი თოფი. 1957 წელს დაბადებული თ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 200 საბრძოლო ვაზნა და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო. 1979 წელს დაბადებული მ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია - გადაჭრილი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 40 ვაზნა. ხოლო, 1983 წელს დაბადებული კ.უ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია - მაუზერის და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, 2 მჭიდი, 5 ვაზნა და 5 კაფსულ-დეტონატორი“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ჯამში 15 პირი დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print