ახალი ამბები
მთავრობა ქუთაისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციას გეგმავს - რომელ უბნებზეა საუბარი, უცნობია
FaceBook
ქუთაისში ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყოფილ საპარლამენტო ქალაქში ვიზიტისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებას 200 მილიონი აქვს გამოყოფილი და ქუთაისსა და კიდევ 9 ქალაქში, განახლების სამუშაოები წელსვე დაიწყება.

„განახლებული რეგიონის ფარგლებში, ჩვენ ჩავუტარეთ რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებს, მაგრამ ახლა ვიწყებთ კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტს - ჩვენი ისტორიული ქუთაისის, ისტორიული უბნების რეაბილიტაციას. 200 მილიონი გვაქვს ჩასმული წელს. გვინდა, რომ 10 ქალაქში დავიწყოთ განახლების სამუშაოები. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და წელსვე დავიწყებთ სამუშაოებს“,
- განაცხადა პრემიერმა.

თუ რომელ ისტორიულ უბანზეა საუბარი, პრემიერს არ დაუკონკრეტებია. ინფორმაციის მისაღებად ადგილობრივ თვითმმართველობას დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს რომ დეტალები მათთვისაც ცნობილი არ არის.

„ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის", - განმარტეს მერიის პრესსამსახურში.

აღნიშნულზე პასუხის მისაღებად ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც მივმართეთ, თუმცა მათ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში გადაგვამისამართეს. 

"რომელი ისტორიული უბანი იგულისხმა პრემიერმა არ ვიცი, ძალიან დიდი ბოდიში",
- გვითხრა ფონდის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ილონა ხვიჩიამ. 

იმის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ ჯერ კიდევ 2018 წელს რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პირობა დადო, შესაძლოა, ამ ნაწილს გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი. 

მით უფრო, რომ მგფ-ს მიერ გამოცხადებული იყო რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტირებისთვის ტენდერიც, სადაც შპს „კარკასმა“ მოიგო. მხარეებს შორის ხელშეკრულება, 2019 წლის 11 ივნისს, 799 999 ლარზე გაფორმდა. თუმცა კომპანიამ საპროექტო სამუშაოები ვადებში ვერ შეასრულა, დამკვეთმა კი მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. საბოლოოდ, საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ 4-წლიანი დავის შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რიონისპირა სახლების საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლო დავა „კარკასთან“ წააგო.




Print