ახალი ამბები
„დაელოდეთ, დროს მოითხოვს“ - პრემიერი ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის ფუნქციაზე
FaceBook
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროში ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბის შექმნაზე მუშაოებენ.

„ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს და ძალიან მალე, ამის თაობაზე იქნება დეტალური ინფორმაცია. ქუთაისის პარალამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის, აიტი სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ. ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე, ტექნოლოგიური ქალაქი და ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ამის პროექტს ვამუშავებთ, ძალიან მალე იქნება ამის პრეზენტაცია, დაელოდეთ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შინაარსიანად“
, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ვიზიტისას. 

ის, რომ შენობას IT-ჰაბის ფუნქციას მისცემდნენ, ამაზე ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში საუბრობდა.

საქართველოს ხელისუფლება 2019 წლიდან მოყოლებული "ცდილობს" ქუთაისის პარლამენტის შენობას ფუნქცია მოუძებნოს. თავდაპირველად, საუბარი იყო საპოლიციო ჰაბზე, შემდეგ - საკონფერენციო დარბაზზე. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით კი, შენობის გასხვისებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მუშაობა 2020 წლის მარტიდან დაიწყო.

მთავრობისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით, მყარი პოზიცია აქვთ ადგილობრივების დიდ ნაწილს, რომლებიც ჯერ პარლამენტის ქუთაისში დატოვებას, ახლა კი საკონონმდებლო ორგანოს უკან დაბრუნებას ითხოვენ.

ნახეთ ამ თემაზე - გაჩერებული ქუთაისი - ჩემოდნების აქცია/პერფორმანსი

ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო 2019 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. 2012 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა.


Print