ახალი ამბები
ქუთაისში, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის მშენებლობა დასრულდა
FaceBook
ქუთაისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის მიხედვით, ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყო. ოთხივე მოედანი განათების სისტემით აღიჭურვა, ორ მოედანზე კი ტრიბუნა მოეწყო.

აკადემიის ტერიტორიაზე ასევე აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები მოეწყო.

აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსის გამოყენება ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულთა და ქალთა გუნდებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

ამასთან, ქალთა და ვაჟთა ასაკობრივი ნაკრები გუნდები კომპლექსს შეკრებებისთვის, საერთაშორისო და ოფიციალური მატჩებისთვის გამოიყენებენ.



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აკადემიის მშენებლობისთვის მიწა ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდება.

აკადემიის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დაიწყო და მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ქუთაისის საფეხბურთო აკადემია უკვე მეხუთეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახორციელა. ქუთაისის გარდა საფეხბურთო აკადემიები ლაგოდეხში, რუსთავში, გვიმბალაურსა და რუხში აშენდა.

აკადემია გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

Print