ახალი ამბები
„ტელესკოლის“ მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლე გახდა
FaceBook
„ტელესკოლის“  მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე დემეტრე წურწუმია გახდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე სკოლიდან, გამარჯვებულების ათეულში, კიდევ ორი მოსწავლე ნიკა ფხაკაძე (მე-4 ადგილი) და ილია მანჯგალაძე (მე-8 ადგილი) მოხვდა.

„ძალიან მიხარია რომ გავიმარჯვე „ტელესკოლის“ ოლიმპიადაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს, ყველა გულშემატკივარს და იმ ადამიანებს, რომლებიც მხარში მედგნენ, მგულშემატკივრობდნენ“,
- განაცხადა დემეტრე წურწუმიამ.



ოლიმპიადის ფარგლებში სულ 30 გამარჯვებული გამოვლინდა. მათგან ათი საუკეთესო პრიზებით დაჯილდოვდა, დიპლომები გადაეცათ მათემატიკის ოლიმპიადის ფინალისტების მასწავლებლებსაც.

ონლაინ ოლიმპიადაზე, რომელიც წელს მეორედ ჩატარდა, 3 200 მოსწავლე დარეგისტრირდა და 27 ქალაქი მონაწილეობდა. ოლიმპიადამ თითქმის მთელი საქართველო მოიცვა.

მასში მონაწილეობის მიღება ჩვენი ქვეყნის ყველა (საჯარო და კერძო) სკოლის V-VI კლასის მოსწავლეს შეეძლო. აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და არასტანდარტული შინაარსის ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის დაუფლებას.

ფოტო: "ტელესკოლა"
Print