ახალი ამბები
გელათში იტალიელი სპეციალისტები იმყოფებიან
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ.
მსოფლიოში აღიარებული კომპანიის „სტუდიო პროჯეტაციონე ე კონტროლის“ მთავარი სპეციალისტები ტაძარში დილიდან იმყოფებიან.

ისინი გელათის კონსტრუქციულ, სეისმურ და სტრუქტურულ კვლევასა და სამუშაოებს განახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია ამჟამად რომის კოლისეუმის სტრუქტურული კვლევისა და გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს.

„აუცილებელია იყოს უმაღლესი სტანდარტის სამეცნიერო კვლევები, სანამ მოხდება ფიზიკური ჩარევა. ასევე ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მოხდეს გელათის გააზრება. დღესაც თქვენ ხედავთ, რომ ძალიან მაღალი რანგის საერთაშორისო სპეციალისტები არიან, ეს არის ჯერ კიდევ კვლევის ეტაპი, მაგრამ ძალიან მალე დაიწყება აქტივობაც. ყველას შემიძლია ვუთხრა, რომ გელათი იყო ჩვენი მარგალიტი და იქნება ყოველთვის. ჯადოსნური ჯოხები არ არსებობს, რომ ერთ წამში გამოსწორდეს ყველაფერი, მაგრამ ეს გამოსწორდება, შენარჩუნდება ის, რაც იყო და განვითარდება“,- განმარტავს გელათის რეაბილიტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი დავით ლორთქიფანიძე.

აღსანიშნავია, რომ გელათში 10 ივლისს ელოდებიან მსოფლიოში აღიარებულ სპეციალისტებს სტივენ რიკერბსა და ლიზა შეკედესაც, რომლებიც კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებულ მდგომარეობას მეცნიერულად შეისწავლიან და საკონსერვაციო მიდგომებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემენ.

კულტურის სამინისტრომ გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო თუ სხვა საჭირო სამუშაოები საპატრიარქოს ოფიციალურად 7 აპრილის გადააბარა. 

უცხოელი სპეციალისტები გელათში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად 2021 წელსაც იმყოფებოდნენ.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

Print