ახალი ამბები
მადრიდი, ბრიუსელი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი - ახალი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან
FaceBook
ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით დაიწყო.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანკფურტიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი გუშინ, პირველ ივნისს შესრულდა, რომელსაც 194 მგზავრი ჩამოყვა.

ზედიზედ რამდენიმე წელია WIZZ AIR საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში 683, 000 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისიდან ჯამურად, WIZZ AIR ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.

Print