ახალი ამბები
რა აეკრძალათ დეპუტატებს - ქუთაისის საკრებულომ ეთიკისა და ქცევის წესები დაამტკიცა
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა/მიმართვა/მოქმედება და სიძულვილის ენის გამოყენება აეკრძალათ.


ამას ითვალისწინებს დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქუთაისის წარმომადგენლობითმა ორგანომ უკვე მიიღო.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მოწვეული სპეციალისტი მარიამა ამბრილაძე განმარტავს, რომ ერთიანი ნორმატიული აქტი, რომელშიც საკრებულოს წევრთა ქცევის ეთიკური ნორმები იქნებოდა თავმოყრილი, ამ დროდე არ არსებობდა.

"უმჯობესი იქნებოდა აქამდეც ყოფილიყო ეს  მიღებული, თუმცა არასდროს არ არის გვიან. თან, ჩვენ ვითვალისწინებთ, ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რჩევებს, მითითებებს, შესაბამისად, ახლა მოხდა ამ დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება საკრებულოს მიერ. დოკუმენტში გაწერილი კონკრეტული მუხლებისს დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - ამბობს მარიამ ამბროლაძე.

მისივე თქმით, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები ითვალისწინებს არა მხოლოდ დეპუტატების ერთმანეთთან, არამედ საჯარო სამსახურის თანამშრომლებთან, მედიასთან და მოქალაქეებთან კომუნიკაციებსაც.

"სოციალურ ქსელში იქნება ეს გამოყენებული, თუ საჯაროდ დაფიქსირებული სადმე, თავშეყრის ადგილებში, ამას მნიშვნელობა არა აქვს.
აქტის თანახმად, დეპუტატებმა ყველგან უნდა დაიცვას ეთიკის ნორმები, განურჩევლად ადგილისა და სივრცისა," - განმარტავს მარიამ ამბროლაძე. 

დოკუმენტში წერია, რომ საკრებულოს წევრმა ეს სტატუსი არ უნდა გამოიყენოს თავისი, ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის;

არ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი პირადი ინტერესებისთვის (მათ შორის, კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ);

ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

თანამშრომლებთან ურთიერთობისას არ უნდა მოახდინოს მათი დისკრიმინაცია/გამორჩევა რასის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის ან სხვა ნიშნით. ამასთან, საკრებულოს აპარატის თანამშრომელს არ უნდა დაავალოს ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მისი სამუშაოს აღწერილობით გათვალისწინებული არ არის;

საკრებულოს წევრისათვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება;

საკრებულოს წევრი ვალდებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობაში;

საკრებულოს წევრის საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის.

საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 42-ე მუხლი;

აღნიშნული წესების მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე საკრებულოს წევრის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მისთვის განისაზღვროს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები, აგრეთვე ხელი შეუწყოს საკრებულოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

დადგენილების პროექტი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თეა ჯუღელისა და საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას მიერაა შედგენილი.


 

Print