ახალი ამბები
9 დასახელების ქართულმა ღვინომ ტოკიოს საერთაშორისო კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა
FaceBook
9 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსში "საკურა" უმაღლესი ჯილდოები - ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

"საკურას" ორმაგი ოქროს მფლობელი კომპანია "კახურის" მიერ წარმოებული ღვინო "საფერავი რეზერვი 2005" გახდა.

"საკურას" საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, მწერლებითა და ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული.

სულ კონკურსში 35 ქვეყნის 3543 ღვინო იყო წარდგენილი. დეგუსტაციები მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართა.

"საკურას" კონკურსში "ორმაგი ოქროს" ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2016 წლის 8 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan, უმაღლესი ჯილდოს - ბრილიანტის (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.

ქართული ღვინის კომპანიაში განმარტავენ, რომ მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად, აზიის ბაზარზე.

Print