ახალი ამბები
მღვიმეებსა და კანიონებზე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს
FaceBook
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან.
კერძოდ, სათაფლიაში, ბილიკებისა და ეკო-საგანმანათლებლო სივრცეების, ასევე, სამუზეუმო სივრცის და შუშის გადასახედი პლატფორმის განახლება მიმდინარეობს. იცვლება ბილიკებზე არსებული განათების სისტემაც.

ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაგეგმილია დინოზავრების არსებული მაკეტების ახლით ჩანაცვლებაც.

რაც შეეხება პრომეთეს მღვიმეს, ტერიტორიაზე მიმდინარეობს როგორც ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციაც.

სამუშაოები დაწყებულია მარტვილის კანიონზეც (კანიონის სალარო შენობის მოწყობა და ბილიკების რეაბილიტაცია).

აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია საქართველოში ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს შორისაა.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, 22,5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება.


Print