ახალი ამბები
ქუთაისი რგფ–სგან მოთხოვნილზე ნაკლებ თანხას მიიღებს
FaceBook
ოპოზიცია მომხდარს არაფექტური კომუნიკაციით ხსნის

ქუთაისი, "რეგიონალური განვითარების ფონდიდან" მოთხოვნილზე ნაკლებ თანხას მიიღებს. პირველი ტრანშის სახით ფონდმა 11 მილიონ ლარამდე უკვე გადმორიცხა, თუმცა, ქუთაისის მერია არ მალავს, რომ მეორე ტრანში გაცილებით მცირე მოცულობის იქნება. ფონდში ადგილობრივ ხელისუფლებას ჯამში 22 მილიონი ლარის ინფრასრუქტურული პროექტები აქვს წარდგენილი.

"ცხადია, რომ რგფ 22 მილიონსვე ვერ მოგვცემს. მეორე ტრანშით ალბათ მაქსიმუმ 3–4 მილიონი იქნება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთ ფონდთან არ ვთანამშრომლობთ. პროექტები გაგზავნილი გვაქვს "მუნიციპალური განვითარების ფონდში", თანხებს ველოდებით "აზიის ბანკისგან" და ასე შემდეგ. ჯამში ალბათ 30 მილიონ ლარამდე პროექტი გვაქვს წარდგენილი დასაფინანსებლად",–ამბობს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

ადგილობრივი ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ქალაქის ხელისუფლებას ფონდთან არაეფექტური კომუნიკაცია აქვს, რის შედეგადაც ფონდი მხოლოდ მცირე მოცულობის პროექტებს აფინანსებს.

"გაცილებით მეტი თანხა უნდა მოეცა რგფ–ს. ახლა, მეორე ტრანშით მეტი რომ გადმორიცხონ, მაინც წინა ბიუჯეტზე ცოტა იქნება თანხა. ეს არის არაეფექტური კომუნიკაციის შედეგი",–მიიჩნევს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ ბრეგაძე.

უკვე ცნობილია, რომ "რეგიონალური განვითარების ფონდის" მიერ გამოყოფილი თანხით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. მათ შორის გათვალისწინებულია ბაგრატის ტაძრის კიბეების რეაბილიტაცია.


მარიამ პატარაია
Print