ახალი ამბები
"კონკრეტული მოთხოვნები იქნება ავტოსადგურების მიმართ" - ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს
FaceBook
ახალი კანონპროექტით, საქართველოში არსებული ავტოსადგურების მოწესრიგება და სერტიფიცირება იგეგმება.
უფრო კონკრეტულად, რეფორმა  ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას ითვალისწინებს.

ყოველივე ეს კი, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, უზრუნველყოფს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და უსაფრთხოების დონის ამაღლებას.

ამასთან, შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. რეფორმა ხელს შეუწყობს სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას.

„დღეს ქვეყანაში არსებობს უამრავი ავტოვაგზალი, რომლებიც არანაირ წესებში არ არის მოქცეული, არ არის დაცული არანაირი სტანდარტი და, სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც, ასევე ტურიზმის სექტორზე და რა თქმა უნდა, ყველაზე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს არც ისე კომფორტულ პირობებში უწევთ შიდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ, რომლის საფუძველზეც სამი ტიპის - პირველი, მე-2 და მე-3 კლასის ავტოსადგური განისაზღვრება“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ავტოსადგურების კლასიფიცირება მოხდება მუნიციპალიტეტების მიხედვით - დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, ასევე ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში იქნება შედარებით მცირე მოთხოვნების, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის, ყველა მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით მოწყობილი ავტოსადგურები.

„ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება, რომლის ჩატარების წესიც მთავრობის მიერ განისაზღვრება. თითოეული მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს, ასევე მუნიციპალიტეტებსაც განესაზღვრებათ თავიანთი უფლებამოსილებები. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ორ რამეს: ერთი რომ, ავტოსადგურები იქნება მოწესრიგებული საერთაშორისო თანამედროვე ცივილეზებული პრინციპების შესაბამისად და სტანდარტებში მოექცევა და მეორე - ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები სერტიფიცირებული იქნება, სანებართვო წესებს დაექვემდებარება. მათაც უნდა დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები, როგორც ავტოსატრანსპორტო საშალებების, ისე მომსახურების (მათ შორის, ბილეთების სისტემა იქნება მკაფიო, გამჭვირვალე და ელექტრონული)“,- განმარტა მინისტრმა.

ავტოსადგურებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის სხდომაზე უკვე დაამტკიცეს და განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნეს.

რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება. კერძოდ, 2024 წლის თებერვლამდე გადამზიდავებს პირველი ეტაპის მინიმალურის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ, ხოლო 2025 წლის მაისისთვის ავტოსადგურების რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.


Print