ახალი ამბები
გელათის სარეაბილიტაციო პროცესის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები, თბილისში განიხილეს.

პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი), ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, მღვდელმთავრები, სამღვდელოების წარმომადგენლები, მეცნიერები და რესტავრატორები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე არ იმყოფებოდა თავად ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე, თუმცა მან, როგორც ეპარქიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თავისი წარმომადგენელი სამი სასულიერო პირი გაგზავნა ქუთაისიდან. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას არც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობიდან ესწრებოდნენ, როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „გელათი ტყიბულის მუნიციპალიტეტშია“.

ტყიბულის მერიაში კი ახლა არკვევენ, იმყოფებოდა თუ არა თვითმმართველობიდან ვინმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.

პრეზენტაციას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) უძღვებოდა. მისი ინფორმაციით, გელათის კონსტრუქციულ, სეისმურ, სტრუქტურულ კვლევასა და სამუშაოებს მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაცია „სტუდიო პროჯეტაციონე ე კონტროლთან” შეასრულებს, რომელიც ამჟამად რომის კოლიზეუმის სტრუქტურული კვლევისა და გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს.

ამ მიზნით, კომპანიის დირექტორი ალესანდრო ბოცეტტი და მთავარი სპეციალისტი კრისტიანო რუსსო გელათში 1 ივნისს ჩამოვლენ.

მიტროპოლიტის განმარტებით, 10 ივლისს ელოდებიან მსოფლიოში აღიარებულ სპეციალისტებ სტივენ რიკერბსა და ლიზა შეკედესაც, რომლებიც კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებულ მდგომარეობას მეცნიერულად შეისწავლიან და საკონსერვაციო მიდგომებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემენ.

მიტროპოლიტმა შიომ იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რა აუცილებელი სამუშაოები ჩატარდა გელათში, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქომ გადაიბარა.

„იუნესკოს რეკომენდაციის თანახმად, დაფუძნდა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი. საკონსერვაციო სამუშაოების მაღალი სამეცნიერო სტანდარტით შესრულებისათვის, კომიტეტის სტრუქტურაში შეიქმნა საერთაშორისო და ადგილობრივ მეცნიერთა საბჭოები. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი სპეციალისტები, ხოლო ადგილობრივი სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტდა კულტურული მემკვიდრეობის დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერებით“,- განმარტა მან.

მისივე თქმით, იუნესკოს მთავარი და უცვლელი რეკომენდაცია არის გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის, დაუყონებლივ, მთლიანი დამცავი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა, რამაც კედლის მხატვრობის გადარჩენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს.

„ამის განსახორციელებლად, ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოეთ გერმანულ კომპანია „ლეიერთან“, რომელიც მსგავსი სამუშაოების შესრულებაში ამჟამად მოწინავეა მსოფლიოში. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო დროებითი გადახურვის პროექტზე მუშაობა და მათი მოთხოვნით, ჩვენი მხრიდან მათთან თანამშრომლობისთვის შეირჩა კვალიფიციური არქიტექტორ-ინჟინერი.

ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის - იუნესკოს მოთხოვნის თანახმად, ჩვენი ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შეიქმნა გელათის ტაძრის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მკლავების კამარებისა და აფრების გრაფიკული სქემები და ზუსტი აღწერა-დოკუმენტაცია. ეს პროცესი, როგორც მთელი ტაძრის სივრცეზე, ასევე წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობაზეც განხორციელდება“,- განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

მისივე თქმით, იუნესკოს კიდევ ერთი რეკომენდაციის შესასრულებლად, აღმოსავლეთ მკლავში მოეწყო უსაფრთხო-ინვენტარული ხარაჩო, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ და მეცნიერულად შეისწავლონ საკურთხევლის აფსიდის უნიკალური მოზაიკა, რომელიც პირველადი შეფასებით, აშკარად საჭიროებს საკონსერვაციო მიდგომებს.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ გელათის აღდგენის პროცესი იქნება გამჭვირვალე და ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ საზოგადოებას მედიისა და ინტერნეტპლატფორმის საშუალებით მიეწოდება.

კულტურის სამინისტრომ გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო თუ სხვა საჭირო სამუშაოები საპატრიარქოს ოფიციალურად 7 აპრილის გადააბარა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

Print