ახალი ამბები
"გვინდა დავიცვათ სიწმინდე" - მეუფე იოანე ე.წ. ფრანგების უბანში ჭიშკრის აღმართვაზე
FaceBook
უსაფუძვლო აჟიოტაჟი - ასე ეხმაურება ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე ე.წ ფრანგების უბანში ქუჩის „შემოღობვას“.
საუბარია, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ეპარქიამ, რკინის ჭიშკრით, დაახლოებით ორი კვირის წინ შემოსაზღვრა.

მეუფე იოანე ამბობს, რომ  ამ ადგილას „სიბინძურე“ იყო, „არასასიკეთო საქმე ტრიალებდა“, ამიტომაც გახდა საჭირო ჭიშკრის აღმართვა.

„იყო უსაფუძვლო აჟიოტაჟი. გვიკვირს, როცა იქ სიბინძურე იყო, არავინ არ აღშფოთებულა და როცა ჩვენ გვინდა დავიცვათ სიწმინდე, აღშფოთდნენ. უკუღმა ფიქრობს ხალხი. თვითონ გასცენ პასუხი, რა აწუხებთ? იქ, საფლავებზე, ძაღლებს ასეირნებდნენ, ნაგვის ბუნკერები იდგა ტაძრის შესასვლელთან, სანამ ჩვენ არ ვითხოვეთ ეს შემწყდარიყო. მერიამ მოგვისმინა და გაიტანა ბუნკერები.

ინტერნეტში ტურისტებისთვის პირდაპირ დევს ინფორმაცია, რომ აქ თავისუფალი ზონაა და შეგიძლიათ ღამე გაათიოთო და ყველაფერს ისაქმებდნენ იქ. რა, სასტუმრო არ არის ტურისტებისთვის, არ არსებობს? საზოგადოებამ ტვალეტი იქვე ააშენა და აღარ ვიტყვი კიდე, სხვა არასასიკეთო საქმე ტრიალებდა. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, აღგვედგინა ის, რაც იყო“
,- განმარტავს მიტროპოლიტი „მეგა ტვ“-თან.

მეუფე იოანე ამბობს იმასაც, რომ თავიდან ამ ადგილას ქვით ნაგები გალავნის გაკეთებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ეს ხედს „დაამძიმებდა“, ამიტომ ჭიშკრის აღმართვა გადაწყდა.

„ადრე აქ იყო ჭიშკარი, იყო გალავანი, ქვით ნაგები. ვიფიქრეთ, ქვით ნაგებს შეიძლებოდა დაემძიმებინა ხედი, ამიტომ გავაკეთეთ გამჭვირვალე. ამანაც დაამძიმა ხალხი. ეს არის საპატრიარქოს საკუთრება. თქვენს სახლში, კარს მოხსნით და ყველა გამვლელ-გამოვლელს ეტყვით შემოდითო? ხომ არ იზამთ ამას? ყველა სახლს, ეზოს თავისი ღობე და ჭიშკარი აქვს, ყველა ეკლესიასაც, ბაგრატი ნახეთ, წმინდა გიორგის, პეტრე-პავლეს ტაძარი ნახეთ, ყველას აქვს გალავანი, ეს ბუნებრივია“,- ამბობს მეუფე იოანე.

ე.წ ფრანგების უბანში აღნიშნული ჭიშკრის აღმართვას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა სოციოლოგი და რელიგიის მკვლევარი სოფო ზვიადაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული ადგილი სხვადასხვა შენობისა და ხედის კომპლექსია, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოა, ამიტომ აქ ამ ჭიშკრის ადგილი არ არის.

ამავე თემაზე:


"ვისაც ქუთაისელი გქვიათ, გთხოვთ, ეს სასაფლაოს ჭიშკარი არ დაადგმევინოთ ამ ადგილზე"

"ტაძარი შემოსაზღვრული უნდა იყოს" - ეპარქიის განმარტება ე.წ. ფრანგების უბანში ჭიშკრის აღმართვაზე

Print