ახალი ამბები
"ევროინტეგრაცია მოგვცემს შესაძლებლობას, განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი" - მსვლელობა ქუთაისში
FaceBook
ევროპული იდეა ეროვნული იდეაა! - ამ სლოგანით, პარტია „ლელოს“ წევრებმა ქუთაისში აქცია გამართეს.
ისინი პრესის სახლთან შეიკრიბნენ და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით თეთრი ხიდისკენ მსვლელობა გამართეს.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა, ამიტომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხელისუფლებას საქართველოს დროშასთან ერთად, ქალაქის ქუჩებში ევროკავშირის დროშებიც უნდა გამოეფინა.

„ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანი დასავლეთია. ჩვენი მიზანია დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია. ჩვენი ხალხის არჩევანი ასეთია, არაერთი გამოკითხვის შედეგად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე იქნება მიღწევადი მეტი ეკონომიური კეთილდღეობა, მეტი უსაფრთხოება, უკეთესი ჯანდაცვა, განათლება. ევროინტეგრაცია მოგვცემს შესაძლებლობას, განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი“,- განმარტავს პარტია „ლელოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე მიქაუტაძე.

აქცია-მსვლელობას ადგილობრივებიც შეუერთდნენ. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს რუსეთის გუბერნიას არ დაუთმობენ.

„მე, როგორც მოქალაქე ვუდგავ გვერდში იდეას, რომ საქართველო არ დარჩეს ჭაობში, არ დაგვიკეტოს ევროპამ კარი დღევანდელი ხელისუფლების მოქმედების შემხედვარემ. დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა, მას რომ დღევანდელი საქართველო ენახა, არ
იქნებოდა ბედნიერი“,- ამბობს ამირან იაშვილი.

ქუთაისსა და მთელს საქართველოში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ხელისუფლებამ, საქართველოს დროშასთან ერთად, ევროკავშირის დროშა წელს აღარ გადმოფინა.

Print