ახალი ამბები
ევროპული დროშების პერფორმანსი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, 26 მაისის ღონისძიების თემატიკაში ევროკავშირის დროშების ამოღება გააკრიტიკეს, თუმცა თავად, საპროტესტოდ მისულებმა, დაანონსებული ევროკავშირის დროშის გადმოფენის ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილის ბანერი გაშალეს.
ქუთაისის მერიის წინ, პარტიის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც მიიტანეს.

„ამ ფორმით გადავწყვიტეთ. დღეს, ქართველი ხალხის არჩევანი ვიცით რაც არის - ეს არის ევროპა, ევროინტეგრაცია. კეთილდღეობა, წინსვლა და წარმატება არის სწორედ ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.

დღეს, ჩვენ, ევროპული დროშების პერფორმანსი გავაკეთეთ, რადგან 2003 წლიდან სწორედ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ააფრიალა ევროკავშირის დროშა, შემოიტანა ქვეყანაში ევროკავშირის ატრიბუტიკა, დააჩქარა ინტეგრაციის პროცესი ევროპაში. ჩვენი დღევანდელი აქციაც ემსახურება ამ თემატიკას, რადგან ვიცით, რომ არსად, არცერთ ქალაქში, არცერთ რაიონში საქართველოს დროშის ქვეშ აღარ ფრიალებს ევროკავშირის დროშა“,- განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხათუნა არველაძემ.

ქუთაისსა და მთელს საქართველოში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ხელისუფლებამ, საქართველოს დროშასთან ერთად, ევროკავშირის დროშა წელს აღარ გადმოფინა.


Print