ახალი ამბები
ქუთაისის მესხიშვილის თეატრს კულტურის სამინისტრომ მეორე მიკროავტობუსი გადასცა
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრს და საქართველოს კიდევ 10 თეატრს კულტურის სამინისტრომ მიკროავტობუსები გადასცა. 

ქუთაისის მესხიშვილის თეატრისთვის ეს მეორე მიკროავტობუსია. პირველი მას გასული წლის შემოდგომაზე გადაეცა. მაშინ გულაჩუყებულმა მესხიშვილელებმა ვრცელი სამადლობელი ვიდეო ჩაწერეს და კულტურის მინისტრს პირადად გადაუხადეს მადლობა. 

როგორც კულტურის სამინისტროს ვებ გვერდზეა აღნიშნული, სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2021 წლიდან დაიწყო. უწყებამ ათი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა და მასში კომპანია შპს "სენამოტორსმა" გაიმარჯვა, რომელთანაც 2022 წლის 8 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა. მიკროავტობუსების შესყიდვის თანხა 1 061 480 ლარს შეადგენდა.

ხოლო თერთმეტი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი სამინისტრომ  2022 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა; გამარჯვებულ კომპანია შპს "სენამოტორსთან" ხელშეკრულება 2022 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა. მიკროავტობუსები 1,149,182 ლარად შეიძინეს.

ამ ეტაპზე მიკროავტობუსები გადაეცა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ შემდეგ თეატრებს:

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი;

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;

ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრი "აფხაზეთი";

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

როგორც სამინისტროში იმედოვნებენ ახალი ავტომანქანები თითოეულ დასს გადაადგილებასა და რეკვიზიტების გადატანაში დაეხმარება, ასევე საშუალებას მისცემს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება.
Print