ახალი ამბები
46 შემთხვევა - ცოფი საქართველოში
FaceBook
საქართველოში წელს ცოფის 46 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

აღნიშნულის შესახებ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ თენგიზ ჩალიგავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„წელს ცოფის 46 დადასტურებული შემთხვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ცხოველებიდან უმეტესი აუცრელი იყო. სადაც აუცრელი ცხოველია, იქ დაავადება თავს იჩენს, რადგანაც ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ გაითავისოს ის, რომ თავისი ცხოველი აცრილი და დაცული უნდა იყოს“,- განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

მისი თქმით, ეს შემთხვევები საყურადღებოა, რადგან თითოეულ ძაღლს შესაძლოა რამდენიმე ადამიანთან ჰქონოდა შეხება.

„ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ განსაკუთრებული აფეთქებაა (ცოფის), იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში შემთხვევები ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა, საყურადღებოა, რადგან თითოეული შემთხვევა იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ძაღლს, შეიძლება, შეხება რამდენიმე ადამიანთან, სხვა ცხოველებთან ჰქონდეს და ისინი დააინფიციროს, დაავადება გავრცელდეს. ყველას შევახსენებთ, რომ ეს დაავადება ლეტალურია, 100 %-ით კლავს. თუმცა, ის ადვილად კონტროლირებადია, კარგი ვაქცინები არსებობს,რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ცხოველი აბსოლუტურად იმუნურია და შეგვიძლია, დაავადების გავრცელება თავიდან ავირიდოთ“, - განმარტა მან.

მისივე თქმით, “სურსათის ეროვნული სააგენტო” დაავადების საწინააღმდეგო, პრევენციულ ვაქცინაციას ყოველწლიურად ახორციელებს.

„ჩვენი ვეტერინარები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა ოჯახში მიდიან, რათა ცხოველი უფასოდ აცრან. ასევე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მეპატრონეს, რომ ღონისძიებების გატარებაში სააგენტოს ხელი შეუწყოს. სეს-ი პატრონიან ცხოველებს ცრის, რაც შეეხება უპატრონო, ან მიკედლებულ ცხოველებს – ადგილობრივი თვითმმართველობის, ან მიმკედლების მხრიდან თუ მომართვიანობა იქნება, ჩვენ მზად ვართ, ვაქცინაცია ამ ცხოველებშიც ჩავატაროთ“, - განმარტა თენგიზ ჩალიგავამ.

მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ 150 000-მდე ცხოველია აცრილი.

ცოფის პირველი შემთხვევა ამბროლაურში დაფიქსირდა, შემდეგ მარტივში. მაისის თვეში კი ძაღლში ცოფის შემთხვევები ქუთაისსა და ხონშიც დადასტურდა.

Print