ახალი ამბები
საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა - Freedom House
FaceBook
საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-მდე შემცირდა, მედიათავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.

ამის შესახებ  საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშშია მითითებული.

საქართველოს დემოკრატიის ასეთი დაბალი ქულა (მაქსიმუმი 7 ქულიდან 3,04 ) Freedom House-ის შეფასების შკალით, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია.

"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" წლიურ ანგარიშში საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხვდა მედიის წარმომადგენლის დაპატიმრების შემთხვევით. საუბარია ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე.  

გარდა მედიის თავისუფლებისა, საქართველოსთვის გამოწვევად მიიჩნეოდა აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების დაუცველობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. საქართველო ბოლო წლებია უცვლელად იკავებს ადგილს ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაში.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის პარალელურად, ევროპის 29 ქვეყნიდან 11-ში გაუარესდა დემოკრატიის ხარისხი და მხოლოდ 7-ში გაუმჯობესდა.

Freedom House-ის შვიდ კომპონენტიანი შეფასების სისტემა ამოწმებს ქვეყნების პროგრესს და რეგრესს იმის მიხედვით, რამდენად დემოკრატიულია მთავრობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე, როგორია საარჩევნო სისტემა, სასამართლო, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის თავისუფლება და კორუფცია. დღეს, 24 მაისს, გამოქვეყნებული ანგარიში ფარავს ცენტრალური ევროპის, ევრაზიისა და ბალკანეთის ქვეყნებს. ამ ქვეყნებიდან გასულ წელს დემოკრატიის თვალსაზრისით გაძლიერდა მოლდოვა, სომხეთი, ალბანეთი, სლოვენია, ჩრდილოეთი მაკედონია, ლიეტუვა და კოსოვო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებაზე გადამწყვეტი გავლენა ექნება უკრაინის გამარჯვებას.


Print
თეგები: #2023 #Freedom House