ახალი ამბები
იმერეთში "ჩუტყვავილას" შემთხვევებმა იმატა
FaceBook
საქართველოში "ჩუტყვავილას" შემთხვევების მატება აღინიშნება.

ამის შესახებ "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში იანვრიდან აპრილის ჩათვლით „ჩუტყვავილას“ 3 118 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

ჩხაიძე ამბობს, რომ ბოლოს ასეთი მატება საქართველოში 2018 წელს იყო, როდესაც 10 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

„2018 წელს იყო ჩუტყვავილას შემთხვევების სერიოზული მატება - 10 196 შემთხვევა, 2022-ში გვქონდა - 2 600. წელს, 2018 წლიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ ასევე აფეთქება გვაქვს, იანვრიდან დაწყებული 4 თვეში, აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში 3 118 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2023 წელიც ამ მხრივ ასევე გამორჩეული იქნება და, ალბათ, წლის განმავლობაში 10 000-მდე შემთხვევა გვექნება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

„ჩუტყვავილას“ შემთხვევები ფიქსირდება იმერეთსა და ქუთაისშიც, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგაძე განმარტავს, ინფექციური დაავადებების მატება სეზონისთვის დამახასიათებელია და ამ მიმართულებით საგანგაშო სიტუაცია იმერეთში არ გვაქვს.

„ზოგადად, სეზონისთვის დამახასიათებელი მატება გვაქვს ჩუტყვავილას შემთხვევების, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ იმერეთში საგანგაშო მდგომარეობაა ამ მიმართულებით, არა. ზოგადად, კოვიდის შემდგომმა პერიოდმა სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გარკვეული მატება გამოიწვია. კოვიდის შეზღუდვებიდან გამომდინარე ამ დაავადებების გავრცელება შედარებით ნაკლები იყო და ახლა ისევ გააქტიურდა. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები ჩუტყვავილასი და ასევე სხვა ინფექციური დაავადებების, თუმცა რაიმე განსაკუთრებული და საშიში ამ მიმართულებით არ არის“, - განმარტავს გოჩა გიორგაძე.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ჩუტყვავილა იმ დაავადებების კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა იშვიათია. მათივე განმარტებით, დღეისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას, რომ უნივერსალურად ყველა ქვეყანამ ჩაატაროს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ის მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტებში ტარდება, რომლებსაც ვაქცინები ინდივიდუალურად შემოაქვთ.


Print