ახალი ამბები
ქუთაისში, შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა
FaceBook
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რისთვისაც 20 მილიონ 500 000 ლარი დაიხარჯა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ბალახის ახალი საფარი, დამონტაჟდა სტადიონის განათებისა და გახმოვანების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.





სტადიონი აღიჭურვა უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით.





“ქუთაისის შენგელიას სახელობის სტადიონზე, კაპიტალურ რეაბილიტაციასთან ერთად, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილია სპორტული და თანმდევი აუცილებელი ინფრასტრუქტურით. შესაბამისად, ტესტირებების დასრულების შემდეგ, ქუთაისს ექნება უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიის სტადიონი, სადაც ნებისმიერი დონის მატჩის გამართვა იქნება შესაძლებელი. ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, შეიქმნა ისეთი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას“,  - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

სტადიონის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელება, სამუშაობი კი კომპანია შპს "დაგმა" შეასრულა.

სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს, რისთვისაც მთავრობის მიერ 100 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

22, 25 და 28 ივნისს ქუთაისში, „შენგელია არენა“ იქნება მასპინძელი შემდეგი საფეხბურთო შეხვედრების: გერმანია-ისრაელი (22 ივნისი 20:00), ინგლისი-ისრაელი (25 ივნისი 20:00), ისრაელი-ჩეხეთი (28 ივნისი 20:00).

Print