ახალი ამბები
"ოპოზიციის აქციებზე დავდივარ, მხარს ვუჭერ ცვლილებებს, ევროკავშირს" - ჭიათურაში დაკავებული
FaceBook
ჭიათურის სოფელ ხრეითში „მთავარი არხის“ ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ეკა კვესიტაძის ბიძა, რომელიც გუშინ დააკავეს, პოლიციამ გამოკითხა.
71 წლის ბადრი ლოლაძე ყვება, რომ მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და გაბზარულ კედლებში ხელყუმბარა აღმოუჩინეს.

ლოლაძე ირწმუნება, რომ მას ე.წ ლიმონკა არასოდეს ჰქონია და უარი განუცხადა, როდესაც შესთავაზეს ეთქვა, რომ ის მამამისის იყო.

ბადრი ლოლაძე დაპატიმრებას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. არ გამორიცხავს იმასაც, რომ ხელყუმბარა ჩაუდეს, რადგან „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ბიძაა.

„გახსნილია კედელი, მივიდნენ და ამოიღეს ლიმონკა. ვისია ესო, არ ვიცი, შეხება არ მქონია-მეთქი. თქვი, რომ მამაშენს ჰქონდაო. მამაჩემი მკვდარია და რა დავაბრალო მეთქი. მაშინ დაგაპატიმრებთო და წამიყვანეს.

რას ვუკავშირებ და მე აქტიური აღარ ვარ, 71 წლის ვარ და ხანდახან აქციებზე დავდივარ ხოლმე, გამოვდივარ ოპოზიციის აქციებზე, ცვლილებებს, ევროკავშირს ვუჭერ მხარს და არ მინდა ეს რუსეთი", - ამბობს ბადრი ლოლაძე.

მის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გუშინ გაავრცელა. ის ვარაუდობდა, რომ ბიძის დაკავება მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა.

მომხდართან დაკავშირებით "ქუთაისიპოსტი" დეტალებს შსს-ში არკვევს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
Print