ახალი ამბები
ხონში, ცოფიან ძაღლთან კონტაქტში მყოფი 12 პირია გამოვლენილი
FaceBook
მიუსაფარ ძაღლს, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, ხონში სამი ბავშვი დაკბინა, დღეს კი ცოფი დაუდასტურდა, შეხება კიდევ 12 მოქალაქესთან ჰქონდა.
როგორც ხონის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ია კოხრეიძემ განაცხადა, ძაღლთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდებათ.

„მიუსაფარი ძაღლის მიერ ბავშვების დაკბენასთან დაკავშირებით შემოსული შეტყობისთანავე ჩატარდა ეპიდკვლევა, მოვიარეთ მიმდებარე ტერიტორია, ჩავატარეთ გამოკითხვები მაღაზიებში, ადამიანებთან, ვინც მოძრაობდა იმ ადგილებში, გავავრცელეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ 12 ადამიანს სხვადასხვანაირი კონტაქტი ჰქონდა ამ ძაღლთან, 12-ვე გადამისამართებული იქნა სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად“
,- ამბობს ია კოხრეიძე.

ძაღლმა ხონში, "ყავის სახლის" მიმდებარე ტერიტორიასთან (პოლიცის ძველი შენობის წინ) სამი ბავშვი 18 მაისს დაკბინა. მათ პირველადი მკურნალობა ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდათ.

„სამტრედიის ერთი, ხოლო ხონის მაცხოვრებელი ორი ბავშვია დაკბენილი, რომლებიც გადაყვანილი იყვნენ ქუთაისში, დაეწყოთ ანტირაბიული მკურნალობა. ჩატარდა კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა, ჯერ კიდევ გრძელდება კვლევა. იწყებენ და დაწყებული აქვთ ანტირაბიული მკურნალობა კონტაქტში მყოფ პირებს“,- ამბობს ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ლელა გოფოძე.

ჯანდაცვის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ვინმეს ჰქონდათ კონტაქტი ძაღლთან, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო ხონში ერთთვიანი კარანტინი გამოცხადდება.

ცხოველთა დაცვის ფედერაციაში ამბობენ, რომ უნდა მოხდეს ყველა პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველის ანტირაბიული ამასთან, პერიოდული ვაქცინაცია.

თავდაპირველად ცოფის შემთხვევები რაჭაში დადასტურდა, შემდეგ მარტვილში, ახლახანს კი ქუთაისში თაბუკაშვილისა და ბათუმის ქუჩაზე.

Print