ახალი ამბები
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა განმეორებითი აღრიცხვა მიმდინარეობს
FaceBook
ნუსხაში შეტანილ ძეგლთა ნაწილს,  კულტურული ღირებულება არ გააჩნდა


კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, ქუთაისში კულტურული ღირსშესანიშნაობების აღწერას ასრულებს.

როგორც ქუთაისის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილებაში ამბობენ, ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის სრულყოფილი აღწერისთვის სამუშაოების 98% უკვე შესრულებულია. დასურათებულია ძეგლთა უმეტესობა, დადგენილია მათი ზუსტი მისამართი და მომზადებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ერთიან ნუსხაში შესატანად.

ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის განმეორებითი აღრიცხვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2010 წელს, ეროვნულმა სააგენტომ 217 ობიექტი მათი ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობის გადამოწმების გარეშე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ნუსხაში შეტანილ ობიექტთა ნაწილი არც კულტურულ ღირებულებას წარმოადგენდა და ხშირ შემთხვევაში,  მათი მისამართები საჯარო რეესტრის მონაცემებსაც არ ემთხვეოდა. რამდენიმე ათეული ობიექტი კი, რომელიც ძეგლის სტატუსს ატარებდა, რატომღაც სიაში ვერ მოხვდა.

ეროვნული სააგენტო ახლა სწორედ ასეთ ობიექტებს სწავლობს. 

განმეორებითი აღწერის შდეგად, უკვე ცნობილია, რომ ნაცვლად 217–ისა, ახალი მონაცემებით, ქალაქს 254 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ექნება. ადგილობრივ თითმმართველობაში არ გამორიცხავენ, რომ აღწერის დასრულებამდე მათი რიცხვი რამდენიმე ერთეულით გაიზარდოს.

მარიამ პატარაია

Print