ახალი ამბები
შსს-მ ზესტაფონში ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
FaceBook
შსს-ს თანამშრომლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, 31 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში ტაილანდის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში, დასაქმებას დაჰპირდა.

დაკავებულმა ისინი მოტყუებით წაიყვანა ზესტაფონში, თავის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.

„პოლიციამ, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ ჩამორთმეული პასპორტები, იძულებითი სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული თანხა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი).

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print
თეგები: #ზესტაფონი