ახალი ამბები
შსს-მ, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავა
FaceBook
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, დაკავებულები სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.

„სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „სუბუტექსი“, „ჰაშიში”, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი", ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი", "ამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი.

ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტროსასწორები, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 26 ვაზნა და 2 მჭიდი“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 273 პრიმა, 19-273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print