ახალი ამბები
ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა (ფოტო)
FaceBook
რამდენიმეწლიანი დაპირების შემდეგ, ქუთაისს საცურაო აუზი აქვს, თუმცა კონკრეტულად როდის გაიხსნება, ან რა ეღირება შესვლა, ამაზე მერიაში ჯერ პასუხი არ აქვთ.

ქალაქს ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაუფინანსდა, სამუშაოები კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. 

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ამჟამად, საცურაო აუზის აღჭურვა სრულდება და მისი ტესტირების პროცესი მიმდინარეობს, ისევე როგორც ობიექტის ქალაქისთვის გადაცემის პროცედურები. 

თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50, ხოლო სიგანე 25 მეტრია.




პროექტის ფარგლებში, აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის.




ოლიმპიური აუზის შენობა თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო და სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილებისა და სახანძრო სისტემებით აღიჭურვა.

ამასთან, აუზის გარე ტერიტორიაზე პარკინგი და გარე კაფე მოეწყო.


როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი აუზით სარგებლობას შეძლებენ როგორც მოყვარულები, ისე სპორტსმენები საწყლოსნო სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

ოლიმპიური აუზი ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც მოემსახურება.





აღსანიშნავია, რომ აუზის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულია.

ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა 2021 წლის აპრილში დაიწყო და ჯამში 13.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
Print