ახალი ამბები
ბაღდათში სამდღიანი ველო-ფესტივალი გაიმართება
FaceBook
28-30 ივლისს, ბაღდათში, ყოველწლიური ველო-ფესტივალისთვის ემზადებიან.

ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებს დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდებათ.

ისინი სტარტს როდოპოლისის ციხესთან აიღებენ, გაივლიან აჯამეთის ტყეს, ბერიეთის მონასტერს, ეიფელის ხიდს, სოფელ ხანს, ზეკარის უღელტეხილს, ქვასაყდარას, საირმეს, ფინიში კი ქალაქ ბაღდათში იქნება.

ველო გადაადგილების პარალელურად, მონაწილეებს შეეძლებათ დატკბნენ ულამაზესი ბუნებით, მოიპოვონ ქულები დამატებითი თამაშებით და გაიმარჯვონ.

ქულების დაგროვება, გზის განმავლობაში, როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურადაა შესაძლებელი.

გამარჯვებულები, ველო ფესტის დასასრულს, მესამე დღეს, სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.

ღონისძიების ორგანიზატორების (Baghdati Cycling Fest და Caucasus Cycling Network) განმარტებით, ველო ფესტის მონაწილეს უნდა ჰქონდეს: ველოსიპედი, ველო ჩაფხუტი, წყლის მრავალჯერადი ბოთლი, კარავი და საძილე.

თუ გსურთ ფესტივალში მონაწილეობა, რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე.

Print